08 ივნისი 2026,   07:53
ვრცლად
ქურდული გარჩევები, დაშინება და ფიზიკური ანგარიშსწორება - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, 44 პირი, სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს

ქურდული გარჩევა სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. კადრები თბილისის ერთ-ერთ უბანშია გადაღებული, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ერთმანეთს ცივი იარაღით გაუსწორდებოდნენ.

თითქმის ყველა ასეთი ქურდული გარჩევა ფიზიკური ანგარიშსწორებით სრულდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლიც კი გაუხსნეს.

სასტიკ ანგარიშსწორებას ერთი მიზეზი ჰქონდა - თანხა. ვინც ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირებს მოთხოვნილ ფულს დროულად არ მიუტანდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, გავლენებისთვის იყენებდნენ ისეთ ე.წ კანონიერი ქურდების სახელს, რომლებსაც შესაძლოა არც კი იცნობდნენ.

ხშირად, ქურდული სამყაროს წევრების თავადაც ეშინოდათ. ლევან მარღია, იგივე ლევან ზუგდიდსკი და ნოდარ შუკაკიძე, იგივე ნოდარ გლდანსკი - ეს ის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, რომლებიც საქართველოში მყოფი თანამოაზრეების დახმარებით, ფინანსურ სარგებელს საზღვარგარეთ ელოდებოდნენ.

ფარული ჩანაწერების ერთ-ერთ ეპიზოდში ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის და ახალგაზრდა მამაკაცის საუბარიც ისმის. შუკაკიძე მას ბოდიშის მოხდას აიძულებს იმის გამო, რომ ქურდულ სამყაროზე ცუდი თქვა.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაადგინეს და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის სქემაც გაშიფრეს. 44 პირი პოლიციამ 24 საათში აიყვანა. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა.

ირკვევა, რომ დაკავებულების უმეტესობა კრიმინალური მეთოდებით ფულს, სრულიად უცხო პირებსაც ართმევდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისის სხვადასხვა უბნებში მანქანით მოძრაობდნენ, შეარჩევდნენ მათთვის მისაღებ კონკრეტულ მოქალაქეს, შემდეგ მუქარით სესხის გაკეთებას აიძულებდნენ, მიჰყავდათ ბანკომატთან, გამოტანილ თანხას ართმევდნენ და ტერიტორიიდან გარბოდნენ. ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, სცემდნენ. ანგარიშსწორების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ვინმე პოპოშა და ზაზუნა.

პოპოშა, ზაზუნა, მესტო, ტარაკანა, წამალა, კიკი, რიჟა , ზუხბა, შენგელა, ბეროზა, პროფესორა და ხალა - ორგანიზებული ჯგუფის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები არიან.

დაკავებულების სახლების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა ნივთმტკიცებებია ამოღებული. დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დასადგენად, ამ დრომდე, კომპლექსური ღონისძიებები ტარდება.

ქურდულ სამყაროსთან კავშირი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები