18 ივნისი 2026,   19:37
ვრცლად
უკრაინა ომში ყოველდღიურად 450 მილიონ დოლარს ხარჯავს - ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა ომში ყოველდღიურად 450 მილიონ დოლარს ხარჯავს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პოლონეთის საერთაშორისო კონფერენციაზე PISM Strategic Ark Conference დისკუსიისას განაცხადა.

„უკრაინაში ომის ერთი დღე დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ღირს. გარდა ამისა, ჩვენ ჯარისკაცების სისხლითაც ვიხდით საფასურს. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ჩვენ ყველაზე მაღალ ფასს ვიხდით“, - აღნიშნა სიბიგამ საკუთარ სიტყვაში.

მისივე თქმით, მიმდინარე წელი მშვიდობის დამყარების კუთხით უკრაინისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს მაგრამ ამ პროცესში აშშ-ის მონაწილეობაა საჭირო.

„არ მჯერა, ან არარეალურად მიმაჩნია ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევის ნამდვილი პროცესის დასრულება ამერიკული მხარის მონაწილეობის გარეშე. ეს შეუძლებელია. ჩვენ მათი მონაწილეობა გვჭირდება, თუმცა, პარალელურად საჭიროა მათი ზეწოლა რუსეთზე“, - დასძინა სიბიგამ.

​სიბიგას ასევე ჰკითხეს, თუ როგორი მშვიდობა იქნებოდა მისაღები უკრაინისთვის.

„უკრაინა არ მიიღებს არცერთ ფორმულას ან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს დათმობებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით“, – განაცხადა სიბიგამ კითხვის საპასუხოდ.

დღის ამბები