დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეხმაურება.
მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ საქართველო აგრძელებს განვითარებას, დემოკრატიულ განვითარებას, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ განვითარებას.
"საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ევროპაში არის პირველ ადგილზე და ერთადერთია, რომელიც დადებითად არის შეფასებული გამჭვირვალობის თვალსაზრისით ევროპაში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევის მიხედვით, არჩევნების პოზიტიური გავლენის თვალსაზრისით, საქართველო არის მოწინავე პოზიციაზე, ევროპაში მეორე პოზიციაზეა ამ კუთხით.
აგრეთვე, გამოქვეყნდა გლობალური აღქმის ინდექსი, რომელიც 50 ათასამდე რესპონდენტის კვლევას ეხებოდა მსოფლიო მასშტაბით. ისეთ მიმართულებას, როგორიცაა, როგორ აფასებდნენ ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ ვითარებას, აფასებდნენ დადებითად თუ უარყოფითად. საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
საქართველო აგრძელებს განვითარებას, დემოკრატიულ განვითარებას, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ განვითარებას, რაც ბუნებრივია, აისახება კიდეც კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებაში,“ - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
ცნობისთვის, კვლევა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ დაფუძნებულმა "დემოკრატიების ალიანსმა" გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა დადებითად არის შეფასებული. საქართველო ლიდერ პოზიციას იკავებს არჩევნების გავლენის თვალსაზრისითაც - ამ კომპონენტში ის ევროპისა და ნატოს ქვეყნების საუკეთესო სამეულშია.
გლობალური აღქმის ინდექსი 46 ათასზე მეტი რესპონდენტის შეფასებას ეფუძნება. რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა და პოზიტიური განწყობებით მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირს, ნატოსა და გაეროს. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დემოკრატიაზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება, საქართველო კი ამ მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს.