საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს. შიო მესამე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია.
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო.
შიო III-მ აღსაყდრების შემდეგ წარმოთქმულ ქადაგებაში ეკლესიისა და რწმენის განმტკიცების, ხალხში სიყვარულისა და მშვიდობის დამკვიდრების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
საქართველოს ეკლესიის ახალმა წინამძღოლმა მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, ვინც მას მხარს უჭერდა და ხაზი გაუსვა ილია მეორის გზის გაგრძელების აუცილებლობას.
"ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს გვმართებს, მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა", - აღნიშნა შიო III-მ აღსაყდრების შემდეგ ქადაგებისას.
"ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად, ერთობისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად. დღეს თქვენ წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე-დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა.
შეუძლებელია, უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა, პასუხის მოძიება კითხვაზე, რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე, თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც. ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს შიო მღვიმელს, ღირს ალექსი სენაკელს, ვმადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოსპატრიარქობის ურთულეს გზაზე", – განაცხადა შიო მესამემ.
"თქვენი ლოცვა მომცემს ძალას" - პატრიარქმა შიო III-მ მრევლს, სამღვდელოებასა და სინოდის წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
საზეიმო ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პატრიარქობის ურთულეს გზას ახლავს და მორწმუნეებს მისი გაძლიერებისთვის ლოცვა სთხოვა.
"მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოვლენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გითხრათ თქვენ, ჩვენს საყვარელ ხალხს, მრევლს ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანამდგომისთვის. მადლობა, მინდა, ვუთხრა, როგორც იტყოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჩვენს საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს ლოცვებისთვის, თანამდგომისთვის და სიყვარულისთვის. გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს", – აღნიშნა შიო მესამემ.