საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, - ამის შესახებ ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ განაცხადა.
პატრიარქის განცხადებით, ეკლესიამ საზოგადოებასთან კავშირი მხოლოდ ტაძრის სივრცით არ უნდა შემოსაზღვროს და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს, სულიერ მხარდაჭერასა და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებას უნდა დაეთმოს.
მისი თქმით, სასულიერო პირები მაგალითით უნდა ასწავლიდნენ მომავალ თაობას რწმენას, ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას.
"საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი მოწოდება, რადგან გვასწავლის უფალი, "რომელსა უნდეს თქვენს შორის დიდყოფა, იყოს თქვენდა მსახური". ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, ისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად, ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას", - აცხადებს პატრიარქი.