ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა, მის უწმინდესობას შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა.
"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თავისი უძველესი სამოციქულო მემკვიდრეობითა და მრავალსაუკუნოვანი განსაცდელების ჟამს გამოვლენილი ურყევი სულიერებით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში. თქვენი ეკლესიის ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, ვევედრები უფალს, მოგმადლოთ სიბრძნე, ძალა, მშვიდობა და უხვი წყალობა ამ წმინდა მსახურების აღსრულებისას", - წერს მიტროპოლიტი ტიხონი.
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა განსვენებული პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლიც გაიხსენა.
"თქვენი გამორჩევა მოსდევს მისი უწმინდესობის, სამგზის ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია II-ის კურთხეულ მსახურებას, რომლის ერთგულებამ, სამწყსოსადმი სიყვარულმა და სულიერმა წინამძღოლობამ მართლმადიდებელთა მრავალი თაობა აღზარდა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ღირსეული
წინამორბედის მაგალითითა და საქართველოს წმინდანთა მეოხებით განმტკიცებული, თქვენი უწმინდესობა კვლავაც მტკიცე სარწმუნოებითა და მამობრივი მზრუნველობით გაუძღვება საქართველოს ეკლესიას", - აღნიშნულია მიტროპოლიტ ტიხონის წერილში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.