25 ნოემბერი 2026,   16:07
ვრცლად
2025 წელს ბირთვული ნივთიერებების უკანონო შეძენისა და გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე - თამაზ ბორაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, თამაზ ბორაშვილის განცხადებით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რვა საქმეზე, ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ 15 საქმეზე.

"ჩვენი პრიორიტეტი იყო უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ფარული ოპერაციების დროული გამოვლენა, მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება. ამ მიმართულებით საქმიანობის ფარგლებში აღვკვეთეთ საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენის" შემოტანის მცდელობა.

კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს, კავშირს ამყარებდნენ მათი დაინტერესების ობიექტებთან და ორგანიზაციებთან.

კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რვა საქმეზე, ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ 15 საქმეზე. პასუხისგებაში მიცემული იქნა სულ 13 პირი.

2025 წელს ჩვენს მიერ ბირთვული ნივთიერებების უკანონო შეძენისა და გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ.

ძირითადად აქცენტი კეთდება ქვეყნის ტრანზიტად გამოყენების შესაძლებლობებზე. 2025 წელს აჭარის რეგიონში დავაკავეთ საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან". ისინი გეგმავდნენ ქვეყანაში ნიადაგის მომზადებას, მათი თანამოაზრეების შემოსაყვანად და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენებას", - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა. 

დღის ამბები