რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობების აღკვეთა, შიდა და საგარეო საფრთხეების მაღალი დონე და დესტრუქციული პროცესების ინსპირირება - პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა წარუდგინა.
მანამდე, სუს-ის უფროსის მოადგილე დავით არჩვაძე მოხსენებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების წინაშე გამოვიდა. სუს-ის 2025 წლის ანგარიშში ოკუპაციას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ამ მიმართულებით, გამოწვევებს შორისაა საოკუპაციო ძალის მიერ, ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რომლის გამოც, სუსი რეაგირების მუდმივ რეჟიმშია. მოხსენების დასრულების შემდეგ, პლენარული სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა სხდომაზე საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
"საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, იყენებს ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ, ინსტიტუციურ და ოპერატიულ მექანიზმს ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად.
2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გამოვლინდა უკანონო დაკავების 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 40 შემთხვევა. ორივე მიმართულებით გაგრძელდა ეგრეთ წოდებულ ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა. რაც შეეხება უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციის პროცესს, 2025 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სამი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 55 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველა აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები განიხილავდნენ ჟენევის ფორმატისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც მუდმივად აყენებდნენ უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების საკითხს. შედეგად საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი 75 პირი გათავისუფლდა", - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.