04 აგვისტო 2026,   16:05
ვრცლად
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ ორ კანონპროექტზე იმსჯელა.

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონებში ცვლილებები სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ, მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი არამეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლება ელექტრონული ჟურნალის წარმოებისა და მოწყობილობის ჟონვაზე შემოწმების ვალდებულებისგან. ამასთან, საჯარო დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავად გაიარონ სერტიფიცირება და საკუთარი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება უზრუნველყონ.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით წარადგინა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც გარდაბნის აღკვეთილის საზღვრის ცვლილებას და მისი ტერიტორიის 42.3 ჰექტარით გაფართოებას ითვალისწინებს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ჭალის ტყის ტერიტორიის ხარჯზე.
კომიტეტმა ორივე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე ასევე მოისმინეს „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.
მომხსენებელმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

დღის ამბები