"არის მცდელობა, ნებისმიერი საკითხი გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება დაყონ, შეიტანონ საზოგადოებაში დაპირისპირება. ამიტომ, ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის ის, ვინც ქართულ საზოგადოებას მტრობს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში უცხო ქვეყნებიც არიან ჩართულნი.
"ის, ვინც ცდილობს, რომ ეკლესიაში დაპირისპირება შეიტანოს, საზოგადოება დააპირისპიროს ეკლესიას, არიან ის ადამიანები, ის ჯგუფები, ის ხელისუფლებები უცხოეთიდან, რომლებიც საქართველოს მიმართ მავნე მიზნებს ახორციელებენ. ცოტა ხნის წინ, მამუკა მდინარაძემ ახსენა კიდეც, რამდენიმე ევროპული ქვეყანა არის, რომელიც საქართველოში ასეთ საქმიანობას ეწევა. ღიად ვხედავთ, როგორც იქცევიან. ახლახანს პოლონეთის მთავრობამ პროპაგანდისტული არხი ჩართო ქართულ ენაზე და პირველი, რაც გააკეთეს, თავს დაესხნენ ქართულ ეკლესიას. პოლონეთის მთავრობას თუ ჰგონია, რომ აქვს რაიმე უფლება საქართველოს ეკლესიას თავს დაესხას, ეს არის მათი დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებენ საკუთარ სიმცირეს ეკლესიის სიდიდესთან მიმართებით", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.