ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული 5 პირის საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმა უნდა განსაზღვროს. ყველა ბრალდებულის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე - დამატებითი ბრალდება წარედგინა გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა აცხადებს, რომ პროცესები არავის დაკვეთით არ ხორციელდებოდა.
"სპეციალური დანაყოფების წევრები შესაბამისად არიან აღჭურვილნი და რთული არის მათი ვინაობის დადგენა, გამოძიება ცოტა გაგვეწელა, თუმცა მთავარია ის რომ შედეგები დადგა და ვიხილეთ ის რაც ვიხილეთ. რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ დამკვეთებზე იყო საუბარი, ამის არანაირი კვალი არ იკვეთება, რომ ეს პროცესები ვინმეს დაკვეთით ან შეკვეთით ხორციელდებოდა," - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას მმართველ გუნდში.