ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასასწრებად გადაიყვანეს. მეთექვსმეტე დარბაზის კარი დღეს მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარისთვის გაიხსნა, დახურულ სხდომაზე არც მედია და არც უძილაურის ოჯახის წევრები დაუშვეს, რადგან რეზონანსულ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს.
მსაჯულის გადაწყვეტილებით, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩება. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი უძილაური მრავალტომიანი საქმის მასალებს პირადად გაეცნო, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას დუმილს ამჯობინებს.
დაცვის მხარე უარყოფს, სახელმწიფო ბრალმდებელი კი ადასტურებს, რომ საქმის მასალებში გიორგი უძილაურის წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები დევს. პროკურორის განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია, ქვეყნის გარეთ გაჰქონდა.
ირკვევა, რომ მრავალტომიანი მასალებში ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიცაა. პროკურორი განმარტავს, რომ საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება და დეტალებზე საუბარი გამოძიების ინტერესებს დააზიანებს.
ბრალის ოფიციალური დადგენილება გიორგი უძილაურს დაკავებიდან 24 საათში სუს-ში გააცნეს. სწორედ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გაშიფრა ჯაშუშობის სქემა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საიდუმლო მასალებს დამკვეთს სხვადასხვა მეთოდით აწვდიდა, იყენებდა ელექტრონულ საშუალებებს და მართავდა კონსპირაციულ შეხვედრებსაც.
ბოლო პერიოდში, კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ჯაშუშობის არაერთი ფაქტი გამოავლინეს. ეს მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ სამართალდამცავი უწყება ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას უმაღლეს დონეზე იცავს.
ჯაშუშების მხილების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობს. სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ გიორგი უძილაურს, რომელიც წარსულში "ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნანა გოგატაძე