03 აგვისტო 2026,   10:30
ვრცლად
"მოდა, როგორც ხელოვნება" - სტუმრებმა Met Gala-ს კიბეები ცოცხალ გალერეად აქციეს

"მოდა, როგორც ხელოვნება" ამ დრესკოდით სტუმრებმა Met Gala-ს კიბეები ცოცხალ გალერეად აქციეს. რამდენიმე ვარსკვლავმა თავი ხელოვნების ნიმუშად წარმოადგინა, ზოგიერთმა მსახიობმა კი კლასიკური შედევრები გააცოცხლა.

ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი ბიონსე აღმოჩნდა, რომელიც ათწლიანი პაუზის შემდეგ Met Gala-ზე შვილთან ერთად დაბრუნდა. მომღერალმა არჩევანი მაქსიმალურად თეატრალურ იმიჯზე შეაჩერა. ოლივიე რუსტენის მიერ შექმნილმა კაბამ ადამიანის ანატომიური სტრუქტურა ჩონჩხის ხაზები  კრისტალებით გააცოცხლა.

თუ წელს რომელიმე ვარსკვლავმა წითელი ხალიჩის სრულფასოვან პერფორმანსად გადაქცევა შეძლო, ეს მადონა იყო. პოპის დედოფალმა ღონისძიებაზე მისტიკური განწყობა შეიტანა  ის შავი სამოსითა და თავზე ძველებური საზღვაო ხომალდის დეკორით გამოჩნდა. "ივ სენ-ლორანის" მოდის სახლის კოსტიუმის შთაგონება მექსიკელი მხატვრის, ლეონორა კარინგტონის ნახატი "წმინდა ანტონის ცდუნება" გახდა.

პერფორმანსის უკიდურეს ფორმას მიმართა ბედ ბანიმ, რომელმაც "დრო ააჩქარა" და საკუთარი თავის დაბერებული ვერსიით წარდგა. არტისტმა ჰიპერრეალისტური პროთეზირებით მოდის ინდუსტრიაში არსებულ "სიბერის შიშს" გაუსვა ხაზი.

ჰაიდი კლუმი მარმარილოს სკულპტურად გარდაისახა. ნამუშევრის შექმნისას დიზაინერ მაიკ მარინოს ინსპირაცია ჯუზეპე სამარტინოს შედევრი "დაფარული ქრისტე" გახდა. ხოლო ეილინ გუმ, კაბით, რომელიც 15 ათასი შუშის ბუშტით იყო დაფარული და გადაადგილებისას ჰაერში ბუშტებს უშვებდა, დროებითობის იდეა წარმოაჩინა.

"მოდა აღარ არის მხოლოდ ტანსაცმელი  ის ხელოვნებაა, რომელიც სხეულზე ცოცხლდება" ამ იდეას ატარებდა ჯორდან როთის კოსტიუმი. კეტი პერიმ კი წვეულებისთვის სტელა მაკკარტნის თეთრი კაბა მოირგო, რომლის ეფექტურობასაც ვერცხლისფერი ნიღაბი განსაზღვრავდა.

სარა პოლსონმა საღამოს სოციალური კრიტიკის ელემენტი შესძინა: დოლარის კუპიურის ფორმის ნიღაბი, რომლითაც მსახიობი გამოჩნდა, მდიდრული სამყაროსა და სოციალური უთანასწორობის ერთგვარი კრიტიკა იყო. თვითგამოხატვის თავისუფლებასა და გენდერული სტერეოტიპების რღვევას გაუსვა ხაზი სემ სმიტმა, რომელმაც შავი კაბა და ბუმბულის თავსაბურავი მოირგო.

კიმ კარდაშიანმა 1967 წლის ორიგინალური ყალიბით შექმნილი ნარინჯისფერი მკერდის ჯავშანი მოირგო. კაილი ჯენერის კაბა კი ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთული ნამუშევარი აღმოჩნდა  დანიელ როზბერის დიზაინით შექმნილი სამოსი შიშველი სხეულის ილუზიას ქმნიდა, თუმცა სინამდვილეში სრულად კონსტრუირებული კორსეტი იყო.

მიუხედავად ასაკობრივი შეზღუდვისა, ნიკოლ კიდმანი ღონისძიებაზე 14 წლის ქალიშვილთან ერთად მივიდა. ოსკაროსანმა მსახიობმა "შანელის" კლასიკური წითელი კაბა აირჩია.

Met Gala მოდის სამყაროში ყველაზე გახმაურებული მოვლენაა. მისი მთავარი მიზანი კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდაჭერა და ინდუსტრიის განვითარებაა.

დღის ამბები