პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია დასრულდა. მიხეილ სარჯველაძე ამ ფორმატში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა.
მინისტრისთვის გაგზავნილი 24 შეკითხვიდან პირველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობას ეხებოდა.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრს, ქეთევან ბაკარაძეს აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა მინისტრს უშუალო კომუნიკაცია დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელ კომპანიასთან.
"ბატონო მიხეილ თქვენ სამედიცინო განათლება გაქვთ? უბრალოდ მაინტერესებს. თავს უფლებას აძლევთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვან ფრაზის უტრირება მოახდინეთ, თითქოს მე ვახდენ ქართველი ექიმების დისკრედიტაციას - ეს არის ტყუილი. რომელ მწარმოებელ კომპანიებთან გაქვთ უშუალო კომუნიკაცია დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების სამკურნალო პრეპარატებს ვგულისხმობ", - ჰკითხა ქეთევან ბაკარაძემ მიხეილ სარჯველაძეს.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, ვიკა ფილფანმა კი მიხეილ სარჯველაძის მიერ მოყვანილ კვლევებს სიცრუე უწოდა.
"მოიტყუეთ EFDI-ზე მოიტყუეთ იმ კვლევებზე, რომელსაც ამბობდით, იმიტომ, რომ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ოფიციალურ წყაროს, ვერცერთ სამეცნიერო კვლევას იმ ინფორმაციის გასამტკიცებლად, რომელიც თქვენ მოიყვანეთ. მშობლებს რომ შეხვედროდით მეცნიერულ დონეზე აგიხსნიდნენ ყველა იმ დეტალს, რომელთა დაკავშირებითაც მოიტყუეთ", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.
საპასუხოდ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებელია.
"იურისტი გახლავართ და ეს ძალიან კარგად იცით. რა აზრი აქვს ასეთ რიტორიკას, ჩემთვის გაუგებარია. იურისტებსაც გვაქვს უფლება, როდესაც იქცევით უზნეოდ და ამორალურად, ამაზე მიგითითოთ. ნებისმიერ ერთ სიტყვაზე ვარ სრულად პასუხისმგებელი. აქ შემიძლია შევიდე ვებგვერდებზე, მარეგულირებლების ოფიციალურ გადაწყვეტილებებზე ვუთითებ, ციტირებით მივუთითე შეგნებულად, რომ ვინმეს წარმოდგენა არ შეჰქმნოდა, რომ რომელიმე ჩემი ციტატა ან ნათქვამი იყო მანიპულაციები. ახლა დასხედით და სათითაოდ, ამ ციტატების საწინააღმდეგოდ თქვით, რომ ასეთი რამ არ იძებნება, ან თქვით, რომ ამის საწინააღმდეგოდ არსებობს გადაწყვეტილებების შეცვლის დამადასტურებელი არგუმენტი. ასეთს თქვენ ვერ ნახავთ. ვინ არის მატყუარა და ფლიდი, მგონი, კარგად მოგეხსენებათ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.