03 აგვისტო 2026,   20:55
ვრცლად
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა "ნარჩენების მართვის კოდექსში" ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა "ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს.

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლება დაადგინოს გამონაკლისი, ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილ ვადასთან დაკავშირებით. ასევე, კონკრეტდება თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია.

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, კონკრეტდება სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

დღეს მოქმედი "ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე – ნარჩენების 3 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დასაშვები ხდება სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს ერთი წლით გაგრძელება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ, ხოლო უფრო ხანგრძლივი ვადით გაგრძელება - მთავრობის დადგენილებით.

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ნაჩვენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიღების ვადების ჰარმონიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტების მიღების ვადებთან.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლებიც შეეხება "ნარჩენების მართვის კოდექსში" ასახულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრებას.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

დღის ამბები