10 აგვისტო 2026,   05:18
ვრცლად
სინოდის სხდომა, პატრიარქობის სამი კანდიდატი და გაფართოებული საეკლესიო კრების მოლოდინი - 17 მაისამდე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება

წმინდა სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, მღვდელმთავრების 20 ხმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა - 7, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლსაც, ასევე, 7-მა მღვდელმთავარმა დაუჭირა მხარი. სინოდის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას, პირველმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აცნობა.

სამივე კანდიდატი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად აირჩიეს. თავდაპირველად დასახელდნენ ის მღვდელმთავრები, ვინც პატრიარქობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

სინოდის თითოეულმა წევრმა სპეციალურ ბიულეტენზე დაწერა შერჩეული კანდიდატის სახელი, ტიტული და ეპარქია. შედეგები საბოლოოდ ხმის დამთვლელმა კომისიამ შეაჯამა და ბიულეტენები სპეციალურ ჭურჭელში მღვდელმთავრების წინაშე დაიწვა.

მღვდელმთავრებმა საპატრიარქოში შეკრება დილის 10:00 საათიდან დაიწყეს. სხდომამდე სასულიერო პირებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ისტორიული პროცესის მონაწილე მღვდელმთავრები დილიდან ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილება ყველას მიღებული ჰქონდა, კანდიდატის ვინაობას არავინ ასახელებდა.

სინოდის მიერ ხმების უმრავლესობით გამორჩეული - მიტროპოლიტი შიო მუჯირი, საერო სახელი ელიზბარი, 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. აქვს მუსიკალური განათლება, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1993 წელს, 5 თებერვალს, ბერად აღკვეცეს და სწორედ მაშინ უწოდეს სახელად შიო. 2 წლის შემდეგ დიაკვნად ეკურთხა. 1996 წელს კი კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1998 წელს დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია.იმავე წლის სამ აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდმა იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად. ეპისკოპოსად 2003 წელს აკურთხეს, მთავარეპისკოპოსი 2009 წელს, მიტროპოლიტი კი 2010 წლის 2 აგვისტოს გახდა. ამავე დღეს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს კი დაინიშნა კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ. დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. მიტროპოლიტი შიო დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი, 65 წლის, პროფესიით ეკონომისტი, სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1988 წელს აღიკვეცა მონაზვნად, ამავე წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და მღვდლად, 1992 წელს პატრიარქმა და წმინდა სინოდმა მღვდელმთავრად გამოარჩიეს, ხელმძღვანელობდა მანგლისის, ბათუმ-შემოქმედის და სხალთის ეპარქიებს, 1996 წლიდან ხელმძღვანელობს რუისისა და ურბნისის ეპარქიას. იკავებდა კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ქორეპისკოპოსის თანამდებობას. მის სახელს უკავშირდება ძამას ხეობაში სამონასტრო ცხოვრების აღდგენა, მიიჩნევა რომ ილია მეორეს შემდეგ საქართველოს ეკლესიაში ყველაზე მეტი ხელდასხმა შესრულებული აქვს მიტროპოლიტ იობს, მათ შორის, წმინდა სინოდში მონაზვნად მისი აღკვეცილია 10-ზე მეტი მღვდელმთავარი.

გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი 1956 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასულიერო აკადემიაში. დიაკვნად 1989 წელს აკურთხეს. 1 წელში კი მღვდლად. ბერად 1996 წელს აღიკვეცა. მთავარეპისკოპოსი 2003 წელს. მიტროპოლიტი კი 2007 წელს გახდა. არის ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი. 2003 წლიდან-დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფოსთან განათლების საკითხებში ურთიერთობის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობით კომისიას. დაჯილდოებულია წმინდა გიორგისა ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით.

3 საპატრიარქო კანდიდატიდან ერთს, სინოდის შემდეგ, გაფართოებულ კრებაზე, 17 მაისამდე აირჩევენ. ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია ადგილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელს, სამების საპატრიარქო ტაძარში გამოარჩევენ. ხმის უფლება ექნებათ მხოლოდ მღვდელმთავრებს, კრებას კი 2000-მდე სასულიერო და საერო პირი დაესწრება, რომელიც მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებით ისარგებლებს.

ახალი პატრიარქის არჩევნებისთვის სინოდმა სამი საარჩევნო კომისია შექმნა - ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიები, რომლებიც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ, სამართლიანად და ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფენ.

პატრიარქი გახდება ის, ვინც პირველივე კენჭისყრაზე სინოდის წევრთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუკი მღვდელმთავრების ხმები სხვაგვარად განაწილდა, კენჭისყრა განმეორდება და მონაწილეობას სამიდან ის 2 კანდიდატი მიიღებს, ვინც პირველი კენჭისყრის დროს მეტი მხარდაჭერა მოიპოვა.

გაფართოებულ კრებაზე არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში შედგება. 142-ე საჭეთმპყრობელს კუნკულბარტყულს, ჯვარპანაღიას, ისტორიულ საპატრიარქო ოქროს მიტრას და კვერთხს გადასცემენ. ატრიბუტიკას, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ 49 წელი ატარა.

დღის ამბები