06 აგვისტო 2026,   18:03
ვრცლად
საქართველოს ეკლესია ახალი პატრიარქის მოლოდინში - ისტორიული არჩევანი სულ რამდენიმე დღეში

უწმინდესის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ახლოვდება. სულ რამდენიმე დღეში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ საჭეთმპყრობელს აირჩევენ.

წმინდა სინოდი ორ დღეში შეიკრიბება. სამშაბათს გახდება ცნობილი პატრიარქობის სამი კანდიდატი.

28 აპრილს, 39-მა მღვდელმთავარმა სამი რჩეული ფარულად უნდა დაასახელოს. იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებაში წერია.

დიდი ალბათობით, სინოდი საეკლესიო კრების თარიღსაც სამშაბათს დაასახელებს. ადგილი ცნობილია - 142-ე პატრიარქს სამების ტაძარში აირჩევენ - ტაძარში, რომელიც ილია მეორის კურთხევით აშენდა.

გაფართოებულ კრებას 2000-მდე დელეგატი დაესწრება. სია სინოდზე 2 დღეში დადასტურდება.

ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მიწვეულ სტუმრებს შორის საერო პირებიც იქნებიან. დელეგატებს სათათბირო ხმა აქვთ.

სინოდმა სამი საარჩევნო კომისია უკვე შექმნა - ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიები საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ, სამართლიანად და ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფენ.

პატრიარქი ის გახდება, ვინც პირველივე კენჭისყრაზე სინოდის 39 წევრის ხმათა ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ კი მღვდელმთავრების ხმები სხვაგვარად განაწილდა, კენჭისყრა განმეორდება და მონაწილეობას სამიდან ის 2 კანდიდატი მიიღებს, ვინც პირველი კენჭისყრის დროს მეტი მხარდაჭერა მოიპოვა.

გაფართოებულ კრებაზე არჩეული პატრიარქი აქ აღსაყდრდება - სვეტიცხოველში.

ახალ პატრიარქს კუნკულბარტყულს, ჯვარპანაღიას, ისტორიულ საპატრიარქო ოქროს მიტრას და კვერთხს გადასცემენ. ატრიბუტიკას, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ 49 წელი ატარა.

ნახევარი საუკუნის წინ, 44 წლის ილია შიოლაშვილი, ისევე როგორც სხვა პატრიარქები, სვეტიცხოველში აღსაყდრდა. მან საქართველოს ეკლესიას შელახული ღირსება და მთავარი - დოკუმენტურად დადასტურებული ავტოკეფალია დაუბრუნა.

ტიტულის მძიმე ჯვართან ერთად, 142-ე პატრიარქს 141-მაც დიდი პასუხისმგებლობა უანდერძა.

დღის ამბები