აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამ ეტაპზე, უწყება აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს ყაზახ ვიზიტორებს აცნობს. ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, სადაც დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, ვიზიტორებს საშუალება აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით.
ყაზახეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში მზარდია. მიმდინარე წლის, იანვარ-მარტის მონაცემებით, რეგიონში 3%-ით გაზრდილია ტურისტული ვიზიტები ყაზახეთიდან. რაც შეეხება ფრენებს, ამ ეტაპზე ფრენები ყაზახეთიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ხორციელდება, რასაც ივნისიდან აჭარის მიმართულებით სეზონური ფრენები დაემატება.
ბათუმში პირდაპირი ფრენები ყაზახეთის სამი ქალაქიდან იგეგმება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ყაზახი ტურისტების რეგიონში მოგზაურობას.