"ცვლილებები მიმართულია იმით, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც აქვს დღეს საქართველოს მთავრობას და მე ვფიქრობ, რომ ის კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და უფრო ეფექტიანი გახდება მთავრობის მუშაობა," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც მთავრობაში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და მადლობელია, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.
"რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რა საკითხებზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში, რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ჩემთვის პირადად, როდესაც პოზიციაზე ვარ წარდგენილი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე, პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. მომავალ კვირას დეპუტატები სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას დაამტკიცებენ, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ახალ თანამდებობასთან ერთად ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც. მომავალ კვირას იგეგმება სუს-ის ახალ ხელმძღვანელად გეკა გელაძის არჩევაც. რაც შეეხება, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს - ამ თანამდებობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ამ ეტაპზე ვაკანტურია აჭარის პირველი პირის პოსტი. მთავრობას ეყოლება მესამე ვიცე-პრემიერიც რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება.