"ოპოზიციის ალიანსში" შემავალი 8 პარტიის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადებას ეხმაურება, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აფასებს. მისი თქმით, აღნიშნულ ალიანსს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
"სააკაშვილი-ბოკერია-გვარამია - ამ ალიანსს არ ჰქონდა, არ აქვს და არც მომავალში არ ექნება რაიმე პერსპექტივა. უბრალოდ, ეს ის ძალა არის, რომელსაც ჯერ კიდევ ფიქრობენ დასავლეთში, რომ საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას. მათი მიზანია, რომ 26 მაისს რაღაც პროვოკაცია მოახდინონ. აქედან გამომდინარე, ის, რაც იცოდა სააკაშვილმა, ბოკერიამ, გვარამიამ ხელისუფლებაში ყოფნის თუ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ამ მოცემულობაში არიან დარჩენილი. გაემიჯნებიან - კარგავენ პირობითად "მიშისტების" ხმას, არ გაემიჯნებიან და მოუწევთ სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის აღიარება, რაც ცოტა ეხამუშებათ," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ემიჯნება, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს. ექსპრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველების გზა რევოლუციაა, ოპოზიცია კომფორტულ ტელესტუდიებსა და "Facebook-ბაბლს" არ სცდება, ხალხთან კავშირს ვერ ამყარებს, მათი არჩეული ლოზუნგების პოლიტიკა კი კრახით სრულდება.
ალიანსში შემავალი 8 პარტია სააკაშვილის განცხადებას პერსონალურ თავდასხმად აფასებს და ახსენებს, რომ არავის არ აქვს უფლება თავი ერთპიროვნულ ლიდერად გამოაცხადოს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ეს პოზიცია ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ავტორი: ნანა გოგატაძე