"ოპოზიციის ალიანსში" შემავალი 8 პარტიის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადებას ეხმაურება, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობს. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ეს სტატუსი არასწორად იქნა აღქმული ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ეს სტატუსი იყო კონფორტაციული ხასიათის მატარებელი. სამწუხაროდ, არასწორად იქნა აღქმული ჩვენი კოლეგების მიერ. ამ სტატუსზე არაერთხელ ითქვა, რომ უბრალოდ იყო ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, წარსულზე იყო საუბარი და არავის მიმართ კონფორტაციული არ ყოფილა და ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ემიჯნება, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს. ექსპრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველების გზა რევოლუციაა, ოპოზიცია კომფორტულ ტელესტუდიებსა და "Facebook-ბაბლს" არ სცდება, ხალხთან კავშირს ვერ ამყარებს, მათი არჩეული ლოზუნგების პოლიტიკა კი კრახით სრულდება.
ალიანსში შემავალი 8 პარტია სააკაშვილის განცხადებას პერსონალურ თავდასხმად აფასებს და ახსენებს, რომ არავის არ აქვს უფლება თავი ერთპიროვნულ ლიდერად გამოაცხადოს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ეს პოზიცია ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ავტორი: ნანა გოგატაძე