07 აგვისტო 2026,   01:22
ვრცლად
ჩვენი სურვილია, რომ მოხდეს მაგისტრალური ფრენების გადაწევა დაახლოებით 10 კილომეტრით ჩრდილოეთში, ეს შესაბამისობაშია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის რეკომენდაციებში - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი

მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დაზიანება - წერს სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი. დეპუტატი რამდენიმე მედიასაშუალებაში გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება, სადაც ამტკიცებენ რომ აბასთუმნის თავზე ბიძინა ივანიშვილის დავალებით ცა ჩაიკეტა.

რატი იონათამიშვილი წერს, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს ობსერვატორიიდან და ეს დადგენილებაშიც გარკვევით წერია, თუმცა აბასთუმნის პროექტის და ბიძინა ივანიშვილის სახელის დასაზიანებლად დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი ალექსანდრე თევზაძე კი აცხადებს, რომ მაგისტრალური ფრენების გადაწევა სურთ.

"ეს არის ჩვენი სურვილი, რომ მოხდეს მაგისტრალური ფრენების გადაწევა დაახლოებით 10 კილომეტრით ჩრდილოეთში, ეს შესაბამისობაშია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის რეკომენდაციებში. რეკომენდაციის მიხედვით ვითხოვთ არა აკრძალვას, არამედ ნაწილობრივ შეზღუდვას, ფრენის უსაფრთხოების მიზნებიდან თუკი საჭირო იქნება ამ ზონაში ფრენა ეს იქნება დაშვებული, თუმცა სტანდარტულ დაგეგმარებას ვითხოვთ, რომ არ იყოს ობსერვატორიის თავზე. ხელი უნდა შევუწყოთ მეცნიერებას, რომ ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ და შემდეგ ამ აღმოჩენებით ვიამაყოთ,"- აცხადებს თევზაძე.

დღის ამბები