პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულ საგარეო საქმეთა მინისტრთან კითხვები ეხებოდა შტატებთან და რუსეთთან ურთიერთობებს, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმებს, ქვეყნის გაცხადებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს და ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლასა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება.
"საქართელოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პოლიტიკა, რასაც მიყვება და ახორციელებს. თავად ოკუპაცია არის უკანონო ქმედება, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და შესაბამისად, ყველაფერი, რაც მის ფარგლებშია, უნდა შეფასდეს უკანონო ქმედებად.
ამ მოცემულობაში, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება; ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ასევე იყო კითხვები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.