სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიუსაფარი ცხოველების თემაზე განცხადება გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული ცრუ ბრალდებების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შემოწმებაც ჩაატარა, რის შედეგადაც გორის თავშესაფარში რაიმე სახის სამართალდარღვევა არ გამოვლენილა.
სააგენტოს ინფორმაციით, 10 მარტიდან დღემდე, ქვეყანაში 502 აყვანილი ძაღლიდან 435 ცხოველი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენები კი ჯერ ვეტერინარულ მანიპულაციებს გადიან.
"შეთანხმებულ ლოკაციაზე მოხდება ძაღლებზე პასუხისმგებელი პირების შეკრება. ამ შეკრების ადგილზე განხორციელდება ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. რაც შეეხება იმ ცხოველებს, რომლებიც საჭიროებენ სტერილიზაცია-კასტრაციას, მათ პასუხისმგებელ პირებთან შეთანხმებით მოხდება მათი გადაყვანა თავშესაფარში. პოსტოპერაციული პერიოდის დამთავრებისას, მოხდება მათი გადმოყვანა ისევ ამ ლოკაციაზე," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დემნა ხელაიამ.