06 აგვისტო 2026,   06:18
ვრცლად
ევროპელი დიპლომატები მიდრეკილნი არიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისკენ, პეტერ ფიშერის შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან ის ამას აშკარად და გამომწვევად აკეთებს - ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი

ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობასა და ევროპელი დიპლომატების მხრიდან სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში შესაძლო ჩარევებზე ისაუბრა.

"რუსთავი 2" - ის ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს შეახსენა განცხადება, სადაც ფროელიხი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა და ვენის კონვენციის დარღვევის მოტივით, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გადადგომის საჭიროებაზე საუბრობდა.

ჟურნალისტის კითხვაზე: ხშირად ხდება მსგავსი რამ ევროპელი დიპლომატების მხრიდან? თუ კი, რას ამბობს ეს ევროკავშირის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?

ტომაშ ფროელიხმა უპასუხა: "გერმანიის ელჩის შემთხვევა საქართველოში ერთადერთი არ არის. ხშირად ვმოგზაურობ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში და ვაკვირდები, რომ ევროპელი დიპლომატები მიდრეკილნი არიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისკენ. ეს არ არის მათი საქმე.

პეტერ ფიშერის შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან ის ამას აშკარად და გამომწვევად აკეთებს. ის ასრულებს დღის წესრიგს, რომელიც არ შედის გერმანელი ხალხის ინტერესებში. დიპლომატია უნდა ფოკუსირდებოდეს ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე. ის, რასაც ახლა ვხედავთ, პირიქითაა: ისინი არ სცემენ პატივს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს, ცდილობენ საკუთარი ღირებულებების თავს მოხვევას. სხვა ქვეყნებში ამას "ნეოკოლონიალიზმად" აღიქვამენ. როცა ელჩი გკარნახობს, გეუბნება, რომელი კანონი მიიღო და რომელი არა, - მაგალითად, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, ეს არასწორია. საქართველოს აქვს სრული უფლება, მიიღოს ასეთი კანონები."

კითხვაზე, თუ რატომ იჩენს ევროკავშირი აგრესიას მსგავსი კანონების მიმართ, ფროელიხმა მიზეზად დასავლურ ინსტიტუტებში გაბატონებული ფილოსოფიური მიმდინარეობები დაასახელა: "მათ შეაღწიეს ყველა ინსტიტუტში: უნივერსიტეტებში, მედიაში, სკოლებში. ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ტრადიციებს, რელიგიას და ოჯახის ინსტიტუტს. ფილოსოფიურად რომ ავხსნათ, არსებობდა "ფრანკფურტის სკოლა", რომელიც ამტკიცებდა, რომ ფაშიზმის ფესვები ოჯახურ იერარქიაშია. ეს გიჟური აზროვნებაა, მაგრამ სწორედ ეს ხალხი მართავს ახლა ინსტიტუტებს.

მათ იდეებს საერთო არაფერი აქვს საღ აზრთან. მაგალითად, ევროკავშირში არსებობს თეორიები "67 გენდერის" შესახებ. ეს არის ბიოლოგიის ფუნდამენტზე და ოჯახზე შეტევა. ბოლო პლენარულ სხდომაზე ევროპელმა კონსერვატორებმა შეიტანეს შესწორება, რომ "მხოლოდ ბიოლოგიურ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა" და პარლამენტის უმრავლესობამ ეს უარყო. ამ ხალხის აზრით, მე და თქვენც შეგვიძლია მშობიარობა. ეს სიგიჟეა. ამ ქედმაღლური დამოკიდებულების გამო ევროპას მსოფლიოში სერიოზულად აღარ აღიქვამენ."

დღის ამბები