პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ილია მეორე იყო ადამიანი, რომელიც ყველას აერთიანებდა და ნახევარი საუკუნე იყო ერის, საზოგადოების სულიერი მამა.
"ამ დღეებში, ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ადამიანი რომელიც ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი ერის, საზოგადოების სულიერი მამა. ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენ ამ დღეებში ხილულად ვნახეთ - ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი. ერი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართ და ერთი ადამიანის გავლით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პატრიარქმა მოახერხა ის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ასაკისა, პოლიტიკური გემოვნებისა [გააერთიანა]. ყველას გულში ის იყო დიდი პატივისცემის, სიყვარულის, დიდი თაყვანისცემის საგანი და ადამიანი, რომელიც აერთიანებდა ყველას ამ სიყვარულით. მე მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.