08 აგვისტო 2026,   10:17
ვრცლად
ყოვლად უწმინდესი ბართოლომეოსი წესის აგების მსახურებას წარუძღვება, ხოლო ლიტურგიას მეუფე შიო აღასრულებს - დეკანოზი, ვლადიმერ (ვახტანგაძე)

დეკანოზი, ვლადიმერი (ვახტანგაძე) "რუსტი 2-ის" ეთერში განმარტავს, რომ ლიტურგიის შემდეგ, აღსრულდება კათალიკოსისთვის წესის აგების მსახურება, რომელსაც კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, ყოვლად უწმინდესი ბართოლომეოსი წარუძღვება, ხოლო ლიტურგიას სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო აღავლენს.

"ლიტურგიის შემდეგ, აღსრულდება კათალიკოსისთვის წესის აგების მსახურება, რომელსაც წარუძღვება ყოვლად უწმინდეს ბართოლომეოსი - კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, ახალი რომის მთავარეპისკოპოსი. აქვე უნდა განვმარტოთ საზოგადოებისათვის, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო, ვრცელდებოდა მოსაზრება, თითქოს მის ყოვლად უწმინდესობას უნდა მიეღო ლიტურგიაში მონაწილეობა, უნდა წასძღოლოდა ლიტურგიას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

თავიდანვე, ზუსტად ვიცოდით, რომ ყოვლად უწმინდესი ბართოლომეოსი ჩამობრძანდებოდა და ის აღასრულებდა საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურებთან ერთად წესის აგების მსახურებას.

მის ყოვლად უწმინდესობას აქვს ეს ტრადიცია, რომ განსვენებული მამამთავრების წესს თვითონ აღასრულებს ხოლმე. ასე იყო, როდესაც გარდაიცვალა სერბეთის პატრიარქი, როდესაც ალბანეთის ეკლესიის მეთაური გარდაიცვალა, ასევე რუსეთის ეკლესიის მეთაური. მისმა უწმინდესობამ მიიღო მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ წესის აგების მსახურებაში და ხაზგასმით ვამბობთ, რომ არ იყო დაგეგმილი და არც უთქვამს კონსტანტინოპოლის უწმინდესს საყდარს, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი აღასრულებდა ლიტურგიას. ლიტურგიას აღასრულებს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ყოვლად სამღვდელო შიო, სხვა ეპისკოპოსებთან, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან, სამღვდელოებასთან ერთად.

ხოლო მისი ყოვლად უწმინდესობა დაესწრება წესის აგების მსახურებას და გამოხატავს სიყვარულს ივერიის ეკლესიის მიმართ", - განაცხადა დეკანოზმა, ვლადიმერ (ვახტანგაძემ).

დღის ამბები