ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის განლაგებას ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების გასაძლიერებლად, რადგან აშშ-ის სამხედროები ირანის წინააღმდეგ კამპანიის შესაძლო ახალი ნაბიჯებისთვის ემზადებიან - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედია წერს, რომ ჯარის განლაგებამ, შესაძლოა ტრამპს დამატებითი ვარიანტები მისცეს, რადგან ის აშშ-ის ოპერაციების გაფართოებაზე მსჯელობს, იქიდან გამომდინარე, რომ ომი უკვე 3 კვირაა გრძელდება.
ეს ვარიანტები ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას მოიცავს, რაც, წყაროების ცნობით, ძირითადად საჰაერო და საზღვაო ძალების მეშვეობით განხორციელდება. თუმცა, ოთხი წყაროს, მათ შორის, ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, სრუტის დაცვა ასევე შეიძლება ნიშნავდეს ამერიკელი ჯარისკაცების განლაგებას ირანის სანაპიროზე.
გავლენიანი მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ, ასევე განიხილა ირანის - "ხარგის" კუნძულზე სახმელეთო ჯარების გაგზავნის ვარიანტები, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ის ცენტრია. თუმცა, ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ასეთი ოპერაცია უკიდურესად სარისკო იქნებოდა, რადგან ირანს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კუნძულამდე მიღწევის შესაძლებლობა აქვს.