10 აგვისტო 2026,   11:44
ვრცლად
ერის ისტორიაში პატრიარქის როლზე იმ სამძიმრის წერილებში წერენ, რომელიც უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

49-წლიანი მოღვაწეობა დასრულდა, საქართველოში გლოვის დღეებია. ქვეყანა ისტორიული ეპოქის შემქმნელს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს ემშვიდობება. გლოვის ნიშნად, მთავრობის განკარგულებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დროშები დაეშვა უცხოეთში საქართველოს საელჩოებზეც.

რწმენის განმტკიცებასთან, ტრადიციების დაცვასთან და ეროვნულ იდენტობასთან
პატრიარქის სახელი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო დაკავშირებული. ადამიანის, რომელიც ქვეყნის სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და საპატიო მისიას 49 წელი ასრულებდა. ერის ისტორიაში პატრიარქის როლის მნიშვნელობაზე იმ სამძიმრის წერილებში წერენ, რომელიც უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა. ერთ-ერთი პირველები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი იყვნენ, რომლებმაც ილია მეორეს ცხოვრებას თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლო უწოდეს.

"უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს. საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.

მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად".

პატრიარქის ღვაწლი ეკლესიის გაძლიერებაში და მის აღმშენებლობაში, რომ დიდია ამაზე ციფრები მეტყველებს. საპატრიარქო ტახტის ჩაბარების დროს მართლმადიდებლური ეკლესია სულ რამდენიმე ათეულ ტაძარს და მღვდელმსახურს ითვლიდა, ილია მეორის წინამძღოლობით კი, ეს რაოდენობა დღეს რამდენიმე ათასს ითვლის. ეპოქალური - სწორედ ასე ფასდება უწმინდესის განვლილი გზა.

მიხეილ ყაველაშვილი: - "ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ".

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა სინოდი, მღვდელმთავრები, მრევლი და თითოეული მოქალაქე დღეს სამძიმარს იღებს. სიყვარულის, მოთმინების მიტევების უნარს და უწმინდესის სიბრძნეს ასახელებენ იმის მიზეზად, რომ ქვეყნისთვის გარდამტეხ წლებში პატრიარქმა მრევლის რწმენაში განმტკიცება შეძლო.

პრემიერ-მინისტრი: - "მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება".

ქრისტეს მსახურებას მიუძღვნა პატრიარქმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი. ამ ყველაფერს კი მუდმივად თან ახლდა მრევლზე და საქართველოს ინტერესებზე ზრუნვა. დაუღალავმა შრომამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დატოვა.

შალვა პაპუაშვილი: - "უწმინდესი პატრიარქი ილია II ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღოლობდა 2000 წლოვან ქართულ ეკლესიას. მან ათეისტური უკუნიდან და მიმქრალი ნაკვერჩხლიდან ააგიზგიზა ქართველ ერში ჭეშმარიტი სარწმუნოება და თავისი შრომით და ლოცვით ააღორძინა ჩვენი ეკლესია. უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი. მწამს, რომ მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედა-ეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება".

წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი პატრიარქის ხსოვნას თბილისის მთავრობის წევრებმა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ილია მეორე ერის ერთიანობის სიმბოლოა.

კახა კალაძე: - "ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად".

სამძიმრის წერილები გამოქვეყნდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდანაც. ითქვა, რომ ილია მეორის სახელი და ღვაწლი ქვეყნის სულიერ და ისტორიულ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, სასულიერო პირის, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა და რომლის სიტყვასაც წონა ჰქონდა - ის, ვინც იყო ერთდროულად უწმინდესი და უნეტარესიც, რომელმაც ეპოქა შექმნა.

საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ბევრად მეტი ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი, უმაღლესი რანგის სასულიერო პირი, რომელიც 2000 წლოვან ქართულ ეკლესიას 43 წლის ასაკიდან ედგა სათავეში.

დღის ამბები