07 აგვისტო 2026,   01:54
ვრცლად
თბილისი გერმანიის ელჩისგან მტკიცებულებებს ითხოვს - ფიშერი ისევ აცხადებს, რომ ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტის პროექტში, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე მოხვდა

მტკიცების მიუხედავად, მტკიცებულებები გერმანელ დიპლომატს ამ დრომდე არ წარმოუდგენია - ამის გამო თბილისი, ბერლინის ბოდიშს ითხოვს. უფრო კონკრეტულად კი ელჩ ფიშერის, რომელიც ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან, ყულევის პორტის ამოღების მიუხედავად მაინც ამტკიცებს, რომ ქართული ნავთობტერმინალის წინააღმდეგ კონკრეტული ფაქტები არსებობს. სად არის ფაქტები? და თუ არ არის, რატომ საუბრობს გერმანელი დიპლომატი ევროკავშირის სანქციებზე ევროკავშირის ელჩის ნაცვლად? კითხვები დღეს სახელისუფლებო გუნდში დაისვა.

რა მტკიცებულებებზე საუბრობს გერმანიის ელჩი? დიპლომატიური სამსახური დუმილს არ არღვევს და არც "კურიერის" შეკითხვებს პასუხობს. კითხვები კი ყულევის პორტზე პეტერ ფიშერის განცხადების შემდეგ გაჩნდა. დიპლომატი x-ზე წერს, რომ ნავთობტერმინალთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. ციტირებს ბრიუსელის სპეციალური წარმომადგენლის წერილსაც, რომელიც დეივიდ ო"სალივანმა მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა.

აქვს თუ არა პეტერ ფიშერს მტკიცებულებები საქართველოს მხრიდან, ყულევის პორტის გამოყენებით, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით? კითხვაზე პასუხი არ აქვთ ოპოზიციაში. ნაწილს იმედი აქვს, რომ გერმანელი დიპლომატი ფაქტების გასაჯაროებას შეძლებს, ნაწილი კი ახსნა-განმარტებას საჭიროდ არ თვლის.

ელჩს "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია ვენის კონვენციის და დიპლომატიური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს. უმრავლესობა, ფიშერის მხრიდან ითხოვს აღიაროს, რომ ქართულ პორტზე, ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მიზნით, დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდა.

გერმანიის ელჩისა და ცალკეული ევროპელი დიპლომატის კრიზისულ მდგომარეობაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. პეტერ ფიშერის განცხადებაზე, ირაკლი კობახიძეს შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.

ყულევის ნავთობტერმინალი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან მარტის დასაწყისში ამოიღეს, გადაწყვეტილების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელის სპეციალურმა წარმომადგენელმა აცნობა. დეივიდ ო"სალივანმა მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა, რომ ბრიუსელი მიესალმება საქართველოს ვალდებულებას, რომ არ დაუშვებს საკუთარ პორტებში ჩრდილოვანი ფლოტის შესვლას და მათ მომსახურებას. მანამდე კი ჩრდილოვანი ფლოტის იდენტიფიცირებისა და პრევენციის მექანიზმებზე, დეტალური ინფორმაცია ბერლინმა-თბილისიდან მიიღო.

დღის ამბები