სანამ ბრიუსელი არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, მანამდე მათი არცერთი სიტყვა ქართული საზოგადოებისთვის ღირებული არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რაც ამ დღეებში ხდება, სუვერენიტეტის გამოცდაა.
"ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები.
სანამ ბრიუსელი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის.
მაშინ, როდესაც ევროკომისიამ თავისი პრესსპიკერის პირით მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას და აგერ, 5 თვე გავიდა და ერთი სიტყვაც კი არ გვესმის, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, მანამდე მათი ნებისმიერი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერისა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.