12 აგვისტო 2026,   06:21
ვრცლად
"შეიქმნა საგანგებო შტაბი, ყველა უწყება ჩართულია პროცესებში" - ტყიბულის მერი მეწყრულ პროცესზე

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.

მეწყერმა სოფელ კურსებში 5 სახლი დაანგრია. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. დაშავებულები არ არიან. დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, ადგილზე შეიქმნა საგანგებო შტაბი.

"ამ ეტაპისთვის, მოსახლეობის ნაწილი იმყოფება კურსების საჯარო სკოლაში, უსაფრთხო ადგილზე. მოვახდინეთ ნაწილის გაყვანა სასტუმროში და ეტაპობრივად გადავიყვანთ დანარჩენ მოსახლეობასაც შესაბამის საცხოვრისებში.

შეიქმნა საგანგებო შტაბი, ყველა უწყება ჩართულია პროცესებში. ასევე, გადაიკეტა ტყიბულისა და ქუთაისის დამაკავშირებელი გზა და ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის გადაადგილება აკრძალული.

ველოდებით გეოლოგების დასკვნას. რამდენიმე ჯგუფი მუშაობს აღნიშნულ ტერიტორიაზე", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

დღის ამბები