08 ივნისი 2026,   11:04
ვრცლად
ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება - სუს-მა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კორუფციული სქემები გამოავლინა

გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფიგურირებს. ირკვევა, რომ მოქმედმა დეპუტატმა მოქალაქისგან 3000 ლარი ქრთამი აიღო. სანაცვლოდ მაღალჩინოსანმა დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით დაინტერესებულ მოქალაქეს, ახმეტის რაიონში სოფელ კასრისწყალში, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა.

"კურიერისთვის" ცნობილია საკრებულოს წევრის ვინაობა. დანაშაულში მხილებული პირი ადამ მოზაიძეა. დღეს მის საცხოვრებელ სახლშიც ვიმყოფებოდით. ოჯახის წევრებმა მის კორუფციულ დანაშაულზე არაფერი იციან, ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს.

კომპლექსური გამოძიება სუს-მა ჩაატარა. ანტიკორუფციულმა სააგენტომ ამხილა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელიც. მაშველი საბერძნეთის მოქალაქეს 5000 ლარის სანაცვლოდ თბილისის ზღვის მიმდებარედ სავაჭრო ჯიხურის გახსნას და მფარველობას დაჰპირდა.

აუდიო ჩანაწერი ასახავს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის დანაშაულებრივ ქმედებასაც.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას და ყალბი ცნობების გაცემას ედავება გამოძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს. დადგენილია, რომ მოქალაქე თაღლითურად დაეუფლა 22800 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას. კორუფციული გარიგების შედეგად, სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში უკანონოდ გაფორმდა 3216 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. სისხლის სამართლის საქმე, ჯამში, 12 დანაშაულზეა დაწყებული. მხილებული პირების ადვოკატები საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

კორუფციულ გარიგებაშია მხილებული ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის ყოფილი წარმომადგენელი. გამოძიების ვერსიით, სწორედ მან გასცა ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მოქალაქემ შეძლო თაღლითური გზით დაერეგისტრირებინა 165 930 ლარად შეფასებული 11 000 კვ. მეტრის ფართობი მიწის ნაკვეთი. გამოძიებამ კორუფციულ გარიგებაში ამხილა გარდაბნის და მცხეთის მერიის წარმომადგენლები.

თაღლითობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებითაა დაკავებული ქობულეთში მდებარე პროფესიული კოლეჯის თანამშრომელი, რომელმაც წინასწარ გარიგების საფუძველზე კურსდამთავრებულს ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეც. გამოძიების ვერსიით, კანონმდებლობის დარღვევით ის ახორციელებდა კომერციულ საქმიანობას, ფორმალურად კი ორგანიზაცია მეუღლის სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციასთან კავშირში მყოფი 30 პირი პასუხისგებაში მისცა. ყველა მათგანი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

დღის ამბები