06 აგვისტო 2026,   14:51
ვრცლად
"ამ აგენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება აუცილებლად დაისჯება" - ლევან მაჭავარიანი სუს-ში ვახტანგ კაპანაძის დაბარებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძე პასუხობს. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი სუს-ში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ არ გამორიცხა, რომ საქართველოში მდებარე აშშ-ს საელჩო და ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენი ირანის იერიშის სამიზნე გახდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ვახტანგ კაპანაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარების საკითხს ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.

"ეს არის "ნაცების" გენერალი, რომელიც მტრულად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვიხილეთ პირდაპირი ჩართვები, სადაც იგი ინფორმაციას აწვდის ქვეყნის გარეთ.

კარგია, რომ მიბრძანდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მანაც ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს. ამ აგენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება აუცილებლად დაისჯება.

მათ სურთ, რამენაირად, არიონ სიტუაცია. ფიქრობენ, რომ ერთადერთ შემთხვევაში არის მათი ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელი - თუ ჩვენს ქვეყანაში იქნება უბედურება. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

დღის ამბები