პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს გაკეთება და მტკიცება, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს, ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
"ისეთ სიტუაციაში, როგორც ჩვენი რეგიონია, ასეთი განცხადებების გაკეთება, საჯარო სივრცეში, რომელიც არანაირი ფაქტით, ან არგუმენტით გამყარებული არ არის, არის სამშობლოს ღალატი, ჩვენი ხახლისა და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
როგორც ვნახეთ, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ამის აღსაკვეთად და მივესალმებით. ვფიქრობ, საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ის მდგომარეობა, რაც ჩვენს ირგვლივ არის და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მეპყრას", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ცნობისთვის, სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებასა და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. თინა ხიდაშელთან შეკითხვები მის ბოლო განცხადებას ეხება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს.
გიორგი კანდელაკი კი "ჰადსონის" ინსტიტუტის მომზადებულ კვლევაში წერდა, რომ რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ასევე, ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს - შეკითხვები მის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა, სადაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჯიჰადს ასწავლიან. გამოძიების ფარგლებში, პირველი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა, მისივე სურვილით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.