18 ივნისი 2026,   21:10
ვრცლად
ევროკავშირის უარი უკრაინას - რა შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მარტა კოსის განცხადებაზე

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სცენარი - რომ უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით ვერ გაწევრიანდებოდა, წინასწარ იყო ცნობილი, თუმცა ამის მიუხედავად, ევრობიუროკრატია უკრაინას ცრუ დაპირებებით კვებავდა. ახლა კი საომარ მოქმედებებში ჩართულ ქვეყანას ეუბნებიან, რომ არსებული პროცედურების გათვალისწინებით ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

ის, რომ უკრაინა, ბრიუსელის მიერ შექმნილი მოლოდინის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება, Bloomberg-ს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა უთხრა. მარტა კოსის სიტყვებით, მეთოდოლოგია, რომელსაც ევროკავშირი იყენებს, ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება ეჭვქვეშ დაყენებულია, ასევე, Politico-ს სტატიაშიც, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაციის უფროსს განუცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს.

რატომ უთხრა ევროკავშირმა უარი უკრაინას - გაფართოების პოლიტიკაზე დეტალურად საუბარი არ სურთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ უკრაინა საქართველოსთან ერთად ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.

სიცრუე, საომარი მოქმედებების წახალისების სანაცვლოდ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში, ბრიუსელის პოლიტიკას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი ზეწოლა ხორციელდებოდა გარკვეული ძალების მხრიდან, საქართველოს წინააღმდეგაც და რომ არა მთავრობის პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა, ომში ჩართვის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვისაც რეალური იყო.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. 2022 წლის ივნისში კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ორი წლის თავზე ქვეყანას, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები გაუხსნეს. ამ მოცემულობის და ბევრი დაპირების მიუხედავად, ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ახლა აცხადებენ, რომ ომში მყოფი ქვეყანა უახლოეს წლებში ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

დღის ამბები