08 აგვისტო 2026,   16:11
ვრცლად
მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა - რას მიიღებდა საქართველო, თუ ხელისუფლება ოპონენტების მოწოდებებს გაიზიარებდა? - უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იქნებოდა

პროვოკაციისა და სამხედრო ესკალაციისკენ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის შიდა, თუ გარე ძალები ჯერ კიდევ 2022 წელს უბიძგებდნენ - ამის შესახებ მმართველი ძალა ბოლო 4 წელია აქტიურად საუბრობს. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარის შეკავებასა თუ შესაძლებლობების გამოყენებაზე ალაპარაკდნენ. რას მიიღებდა საქართველო, თუ ხელისუფლება ოპონენტების მოწოდებებს გაიზიარებდა? - უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იქნებოდა.

რა მოხდებოდა მაშინ, ან თუნდაც ახლა - გლობალური კრიზისების პირობებში, სახელმწიფოს მართვის სადავეები ოპოზიციის ხელში რომ იყოს?- პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სამხედრო დაპირისპირებას, რომელიც საქართველომ 2022 წელს აიცილა, ქვეყანას ვერც მაშინ და ვერც ახლა აარიდებდნენ. ამის დასტურად შალვა პაპუაშვილს, ეკა გიგაურისა და ზურა გირჩი ჯაფარიძის 4 წლის წინანდელი განცხადებები მოჰყავს.

ამ და არქივში შენახული კიდევ არაერთი განცხადების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი პასუხისმგებლობას იხსნის და მაინც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მიზანი არასდროს ჰქონიათ. თუმცა სააკაშვილის პარტიის ეს პოზიცია, ეჭვქვეშ დღეს თავად ოპოზიციური ფლანგიდან, გახარიას გუნდმა დააყენა.

მმართველი პარტიიდან ოპონენტებს დღეს ის კონკრეტული მოთხოვნები შეახსენეს, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური აქტორი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აყენებდა. რუსეთისთვის სანქციების დაწესება, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა და ომში მყოფ ქვეყანაში მებრძოლი მოხალისეების გააგზავნა- "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ენჯეოები და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ძალები, ქვეყანაში უმძიმესი პროცესის განვითარებას, ჩრდილოვანი მმართველებისა და პარტნიორი ევრობიუროკრატების დაკვეთით ცდილობდნენ.

მსოფლიო კიდევ ერთი, ახალი მოცემულობის წინაშე ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღის წინ დაწყებული, სამხედრო მოქმედებების შემდეგ დადგა.

დღის ამბები