დიდ ბრიტანეთს ჟურნალისტების უფლებების დაცვიდან ქართულ მედიაზე თავდასხმამდე ზუსტად 7 თვე და 10 დღე დასჭირდა. ასე ჩაანაცვლა ელჩის სიამაყე დუმილმა - საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა გარეტ უორდმა თავისი მთავრობის მიერ "იმედისა" და "POSTV-ის" შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებები მედიასთან არ გააკეთა. ჟურნალისტებისგან თავის დასაცავად კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შენობის უკანა კარიდან შესვლა და იმავე გზით გამოსვლა არჩია.
ქართულ მედიაზე თავდასხმის გადაწყვეტილების არგუმენტები ბრიტანეთის ელჩისგან ვერც საგარეო საქმეთა მინისტრმა მოისმინა. მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ გარეტ უორდმა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. საბოლოოდ, საქართველოს პირველმა დიპლომატმა ტელეკომპანია "იმედთან" და "POSTV-სთან" დაკავშირებით ლონდონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებაზე პირდაპირ თავდასხმად შეაფასა.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი, ქვეყნის შიგნით რეალობად ვერც ამჯერად იქცევა. ამას ადასტურებს ქართული ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები - წარსულში სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე მოსაუბრე სააკაშვილისა და ხაზარაძე-ჯაფარიძის თანაპარტიელები დღეს, უცხო ქვეყნისგან ქართულ ტელევიზიებზე თავდასხმას მიესალმებიან და მედიასა და კომპანიებს ღიად ემუქრებიან.
მუქარამდე იყო ოპოზიციის დიდი სიხარული - ხელისუფლების ოპონენტები ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "POSTV-ის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილებას, ბოლო რამდენიმე დღეა, ღიად გამოხატავენ. მმართველი გუნდისთვის კი, ოპოზიციის ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ქართულ თავისუფალ მედიაზე შიდა და გარე ძალების კოორდინირებულ თავდასხმად შეფასებულმა ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ისტორიაც გაახსენა.
თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითი - ეს კი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე პრემიერის შეფასებაა. ირაკლი კობახიძემ მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა სახელისუფლებო პარტიის ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს შემდეგ, რომელსაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ქართულ მედიაზე თავდასხმის ერთ-ერთ მიზნად მთავრობის მეთაურმა დებატების ჩაშლის მცდელობაც დაასახელა. პრემიერ-მინისტრი იმ სტრატეგიას ამხელს, რომლითაც, მისი განცხადებით, ადგილობრივი და უცხოური აგენტურა მოქმედებს - ერთიანი მესიჯბოქსი, განცხადებები და როლი, რომელიც ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა.
ირაკლი კობახიძე ყველას ახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო ახლა ბევრად ძლიერია და არავის მისცემს მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას.