თავდასხმა ქართულ მედიაზე - მმართველ გუნდში დიდი ბრიტანეთის უარგუმენტო გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. "ქართული ოცნება" იმედისა და POSTV-ის წინააღმდეგ ლონდონის მხრიდან განხორციელებული აქტის რეალურ მოტივად ოპოზიციის მხარდაჭერას და ურეიტინგო პარტიების გაძლიერების მცდელობას ასახელებს.
საკითხი, "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელსაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეც ესწრებოდა, სხდომის შემდეგ მედიასთან განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. რა გახდა დაუნინგ სტრიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი, არგუმენტები ქართულმა მხარემ ვერც დიდი ბრიტანეთის ელჩისგან მოისმინა, რომელიც ორი დღის წინ ახსნა-განმარტებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ მათ აქვთ მცდელობა სიმართლე დაუმალონ მოსახლეობას.
"რეალური მიზანი ამ პროცესების არის თავისუფალი ხმის ჩახშობა. მცდელობის ნაწილი კი არის ის, რომ სიმართლე დაუმალონ მოსახლეობას, რომ სიმართლე არ მივიდეს მოსახლეობამდე, რადგან რეალურად ჩვენ ვიმყოფებით ერთ დიდ, მსოფლიო საინფორმაციო ომში და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მოსახლეობას დაუმალონ სიმართლე.
ბოლო წლების მანძილზე მათ აქვთ ეს ტენდენცია, მართალ სიტყვას ეძახიან პრო რუსულს, ჩვენ არაერთი ასეთი მცდელობა ვნახეთ ამ წლების მანძილზე. აღრევაა მთელი ამ პროცესების მარტივი მიზეზის გამო, რომ თავიანთი რეაქციები შეფუთონ. ისინი თავად არიან ამ პროცესების მონაწილეები და ამიტომ უხარიათ, მათ თვითონ შეიტანეს წვლილი ამ პროცესებში, - განაცხადა მახაშვილმა.