10 აგვისტო 2026,   19:55
ვრცლად
კობახიძე: ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს - როდესაც საუბარია საქართველოზე, ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება

"ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ ვაჭრობის შედეგად საკმაოდ უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა, ხმარდება იმ ომსაც, რომელიც წარმოებს უკრაინაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

მან ამგვარად უპასუხა კითხვას ბრიტანული კომპანიების დახმარებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლისა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების დაზიანების შესაძლებლობის შესახებ.

"როდესაც საუბარია საქართველოზე, აქ ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება - მოწოდება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ორმაგი სტანდარტი. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. სინამდვილეში აშკარაა ის, რომ საქართველოს მიმართ არის განსხვავებული ინტერესი და ამ განსხვავებული ინტერესების გამო ისინი თავს ესხმიან საქართველოს.

სანქციები რომ ავიღოთ, მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები რუსეთთან მიმართებით, არ არსებობს არც ერთი კრიტიკული განცხადება. თუნდაც ერთი ევროპარლამენტარის, სადღაც ერთი პარლამენტარის დონეზე არ არსებობს არც ერთი კრიტიკული განცხადება მოლდოვასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ჩვენ მოგვიძღვნეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც კი სანქციების დაწესების მოთხოვნით და არაერთი სხვა განცხადება. აქაც ჩანს ორმაგი სტანდარტი და აქაც არის განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ, რომელიც არ არის მაგალითად, მოლდოვის მიმართ. სწორედ ამის გამო ესხმიან ისინი საქართველოს, დიდი ბრიტანეთიც გამოირჩევა ასეთი ორმაგი სტანდარტით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები