"ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სწორედ საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ "დიფ სთეითის" წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა რეალურია.
"ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ე.წ. "დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება. ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს.
საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ "დიფ სთეითის" წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს. ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი," - ნათქვამია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში.