11 აგვისტო 2026,   04:28
ვრცლად
ვაჭრობა ბევრი მიმართულებით გაგრძელდა სახელმწიფოების მხრიდან, თუმცა, ველი მომენტს, როცა რაც შეიძლება ნაკლებად იქნება დამოკიდებული მსოფლიო რუსეთის რესურსზე - გრიგოლ გეგელია

მაშინ, როდესაც ოფიციალური ლონდონი ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დემონსტრაციული ზომების მიღებით არის დაკავებული, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა ბრიტანული პოლიტიკის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. კვლევის მიხედვით, თავად ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება.

გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ რუსეთი ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას სწორედ ბრიტანული კომპანიების დახმარებით ახერხებს. საუბარია 29 000-ზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფინანსური ოპერაციები კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განხორციელდა. დოკუმენტში მოყვანილია ექსპერტების შეფასებაც, რომლებიც თვლიან, რომ ლონდონის საგარეო პოლიტიკური რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ამ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობა გრძელდებოდა, რაც სიურპრიზი არ არის.

"ვაჭრობა მთელი რიგი მიმართულებით გაგრძელდა სახელმწიფოების მხრიდან, ეს თუ რაიმე სიურპრიზია ან შოკისმომგვრელია არ ვიცი, რადგან ვაჭრობა გაგრძელდა. მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობა, მათ შორის, იმ ძალიან კრიტიკული საჭიროების გამო, რაც აქვს ხოლმე სახელმწიფოებს. თუმცა, მე დიდი იმედით ველი იმ მომენტს, როდესაც რაც შეიძლება ნაკლებად იქნება დამოკიდებული მსოფლიო რუსეთის სხვადასხვა რესურსზე", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის გიორგი შარაშიძის თქმით, ბრიტანეთს სავაჭრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ეს შეწყვეტილი არ ყოფილა.

"საქონლის ექსპორტი რას ნიშნავს? როგორც ჩანს, ბრიტანეთს სავაჭრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ეს შეწყვეტილი არ აქვს. რა კავშირი აქვს პროპაგანდისტული მედიების არასწორ საქმიანობასთან? მე პირადად ვერ ვაკავშირებ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები