1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკულმა მოვლენამ საქართველოს ბედი 70 წლით განსაზღვრა, ქვეყანას დამოუკიდებლობა დააკარგვინა და 7 ათეული წლით საბჭოთა იმპერიის ნაწილად აქცია. რამდენიმეკვირიანი ბრძოლის მიუხედავად, მე-11 არმიის წევრებმა შეძლეს და თბილისზე კონტროლი მოიპოვეს. 25 თებერვალსვე, სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ცნობა გააგზავნა, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებდა, რაც ქვეყნის გასაბჭოებას ნიშნავდა.
საბჭოთა ოკუპაციიდან დღეს 105 წელი გავიდა. თბილისის მისადგომებთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, ვიცე-პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიაგეს. მმართველი გუნდის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობა მუდმივი მოცემულობა არ არის და 25 თებერვალი ის თარიღია, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ყოველდღიური მუშაობა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეს, იუნკრების მემორიალთან იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები. მათი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ქართველი პატრიოტების გმირობა უკვდავია.
კოჯორში იმყოფებოდნენ "ლელოს" წევრებიც. პარტიის ლიდერის თქმით, დღესაც ყველას ამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფრთხილება უნდა იყოს.
რუსულ საფრთხეებზე გააკეთა აქცენტი აფხაზეთის მთავრობის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ. გიორგი ჯინჭარაძის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა უცვლელია და ოკუპაციას ხელისუფლება მშვიდობის პოლიტიკით პასუხობს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება. დღესაც, სახელმწიფო დროშები დაშვებული იყო ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.