10 აგვისტო 2026,   18:29
ვრცლად
ბაზრის კვლევა და უმაღლესი განათლება - შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ ყოველწლიურად უნივერსიტეტებში დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს

შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა ხუთწლიან პერსპექტივაში Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით შეფასდა. კვლევის ფარგლებში გამოკითხვა ჩატარდა 12 500 საწარმოში. ცდომილების დონე ძალიან დაბალი - 0.49%-ია. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად 64 095-ს შეადგენს, აქედან კერძო სექტორში 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროებაა, 21 779-ის კი საჯარო სექტორში. მოთხოვნად პროფესიებშია საშუალო სკოლის და პროფესიული განათლების მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის, მშენებლობის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, პროგრამისტები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები.

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ ყოველწლიურად უნივერსიტეტებში დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს. მაგრამ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნად პროფესიებზე ჩაბარების მსურველი ბევრია, მიღება 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება. საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის ეტაპობრივად დაახლოებას შეუწყობს ხელს.

საუნივერსიტეტო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, შრომის ბაზრის კვლევის შედეგებს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს იმ რექტორების უმრავლესობისთვის, რომლებიც კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ საუნივერსიტეტო განათლება არ შეიძლება მთლიანად იყოს მიბმული ბაზრის კვლევაზე.

შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას, პრემიერ-მინისტრმა იმ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც არსებული მონაცემებით დეფიციტია. საუბარია სპეციალობებზე, რომლებზეც შრომის ბაზრის მოთხოვნა გაცილებით აღემატება, ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობას. პრემიერის განმარტებით, შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულებიდან, მხოლოდ 60%-ს სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე.

შრომის ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, კონკრეტულ ფაკულტეტებზე სტუდენტების განსაზღვრული რაოდენობით ჩარიცხვის გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. უმაღლეს სასწავლებლებში კვოტები განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის" შესაბამისად და უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით გადანაწილდება.

დღის ამბები