11 აგვისტო 2026,   05:17
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით სიღარიბე კლებულობს, თუმცა სოციალურად დაუცველების ბაზა გაიზარდა, რაც პანდემიის დროს მორატორიუმის გამოცხადებას უკავშირდება - მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქსტატის მონაცემებით სიღარიბე კლებულობს და ეს საკმაოდ მაღალი ტემპით ხდება, თუმცა სოციალურად დაუცველების ბაზა გაიზარდა, რაც პანდემიის დროს მორატორიუმის გამოცხადებასა და ადმინისტრირების პრობლემას უკავშირდება.

როგორც მინისტრმა "დებატების" ეთერში განმარტა, სოციალური სამართლიანობისთვის საჭიროა მეტი რესურსი ჩაიდოს მეტი ეფექტის მოსატანად, რათა თითოეული თეთრის დანახარჯი ემსახურებოდეს იმ მიზანს, რასაც ჰქვია ხალხის ხელშეწყობა სიღარიბის დასაძლევად.

"საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით იყო მოცემულობა, რომ სიღარიბე კლებულობს და ეს საკმაოდ მაღალი ტემპით ხდება. 2012 წლიდან პროცენტი იყო 30-ზე მეტი და ჩამოვიდა 9.4%-ზე. მუდმივად კლებულობს პანდემიის მიუხედავად. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ერთი მაჩვენებელია. მეორე მაჩვენებლით, სოც დაუცველების ბაზებში დინამიკა იყო აღმავალი, ეს პრობლემატურია, რადგან აბსოლუტურად ასიმეტრიულად მიდიოდა ეს რიცხვები. ამაზე ვთქვი ზუსტად, რომ თუ აქ ვინმე მოიხმობს რიცხვს, რომ თუ სიღარიბე კლებულობს, მაშინ სოც დაუცველების ბაზა რატომ იზრდება, ზუსტად ამიტომ - ახსნა იყო, რომ პრობლემაა ადმინისტრირების, მათ შორის, თავის დროზე მორატორიუმის მიღებით და ბევრი სხვა ფაქტორით.

ამიტომაც ვამბობთ, რომ სოციალური სამართლიანობისთვის, რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩაიდოს მეტი ეფექტის მოსატანად, რომ თითოეული დანახარჯი, თითოეული თეთრის დანახარჯი უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რასაც ჰქვია ამ ხალხის ხელშეწყობა, რომ დაძლიონ სიღარიბე. დღემდე რომ ეს ეფექტურად მუშაობს ეს არის ფაქტი. ამ დანახარჯების ზრდასთან ერთად, პირდაპირ პროპორციულად, ქვემოთ ეშვება უმუშევრობის და სიღარიბის დონეც. აქვე უნდა ვთქვათ, რომ თუ კვალიფიციურად შევხედავთ რიცხვებს, თუ გავითვალისწინებთ რამდენი ოჯახით გაიზარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში ოჯახების რაოდენობა, მივხვდებით, რომ არჩევნებთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს უბრალოდ მტკნარი ტყუილია, ან მტკნარი ეპატაჟურობაა, რომელსაც აქ სამწუხაროდ ვისმენთ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ის თემა, რომელზეც უნდა ვრცელდებოდეს", - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები