პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსზე საუბრობს. 100-დან 85 ქულა და მსოფლიოში 22 ადგილი - სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს.
დოკუმენტში რეიტინგის მთავარ საზომად კონკრეტული მიმართულებებია დასახელებული. იღებენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალური გამომძიებლები ქრთამს თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს. ასევე, არიან თუ არა პოლიციისა და სამხედრო სამსახურის თანამშრომლები თავისუფლები კერძო ინტერესებისა და კრიმინალური ორგანიზაციების გავლენისგან.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში, არ ენდობა ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რეიტინგი რეალობას არ ასახავს.
ახალ ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და NATO-ს წევრ 19 სახელმწიფოს. მათ შორისაა ირლანდია, ლიეტუვა, ჩეხეთი, პოლონეთი, ხორვატია, საბერძნეთი, კვიპროსი, უნგრეთი, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველო რომ საერთაშორისო რეიტინგში ლიდერის პოზიციას იკავებს, საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი უკრაინა, მოლდოვა და რუსეთი გამოირჩევა.