რუკაზე გავლებული ხაზები მხოლოდ გეოგრაფიული საზღვარი არ არის - ისინი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საზომია. მაშინ როცა, თანამედროვე მსოფლიოსთვის უკანონო მიგრაცია გლობალური უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევაა, საქართველო მიდგომებს ამკაცრებს და ახალ მიზნებს სახავს: არალეგალური მიგრაციის ნულამდე შემცირება, ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება.
იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური მონაცემები დადებით ტენდენციას აჩვენებს, სახელმწიფო გაჩერებას არ აპირებს- მთავრობის დადგენილებით, პირველი მარტიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება. ქვეყნის პირველი პოლიციელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, პრიორიტეტებსა და სტატისტიკაზე საუბრობს.
სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეული ქვეყანა კარს არ კეტავს-სახელმწიფო უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებიც ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან, მკაფიო ხაზს ავლებს. განათლების სისტემა უცხოელებისთვის ღია რჩება - დღეს საქართველოში 37 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათგან ბიუჯეტში ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი შედის.
ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის განვითარება და უსაფრთხოება- მიგრანტებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. როცა დასაქმების სფეროში სამუშაო ძალის დეფიციტია, შრომითი მიგრაცია გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, იცვლება უცხოელთა დასაქმების წესიც - მიზანი ადგილობრივი ბაზრის დაცვა და განვითარებაა.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ახალი შენობა აქვს. სპეციალური ლაბორატორიები მოქალაქის უმოკლეს ვადაში იდენტიფიცირებისთვის, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოთახები არალეგალებისთვის და სპეციალური სივრცეები სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე კანონდამრღვევთა განთავსებისთვის – 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ ახალი შენობაში 150 თანამშრომელია დასაქმებული.
როგორია არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია - მიგრაციის პოლიტიკაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარეს. მთავრობის მეთაურმა მიგრაციული რისკების პრევენციაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ოპოზიციის სპეკულაციები არაბიზაციაზე ჩავარდა. ქვეყანაში უცხოელების 70 % პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეები არიან. გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან კი ქვეყანას მიგრანტები პრაქტიკულად არ ჰყავს.
ქვეყნის უზენაესი კანონის ავტორმა, ოპონენტებს ის ჩანაწერიც გაახსენა, რომლის მიხედვითაც 2017 წელს კონსტიტუციურ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე აკრძალა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, ისიც რომ მთავრობას უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ახალი, ეფექტიანი სტრატეგია აქვს.
კანონის უზენაესობა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია, ასობით არალეგალი უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან უკვე გაძევებულია. ქვეყანაში უკანონოდ მყოფ პირთა გამოვლენა კი აქტიურად, 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.