10 აგვისტო 2026,   20:34
ვრცლად
პირველი ადამიანი - ოროზმანის სენსაციური აღმოჩენა

ოროზმანი მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში 2022 წელს მოექცა, როდესაც  ადრეული ჰომინინის კბილი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი დაახლოებით 1.8 მილიონი წლით განისაზღვრა. აღმოჩენამ, კავკასიაში ადრეული ადამიანის გავრცელების არეალზე წარმოდგენა მნიშვნელოვნად გააფართოვა.

 Open photo

ოროზმანის არქეოლოგიური ლოკაცია იმავე რეგიონში მდებარეობს, სადაც განლაგებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პალეოანთროპოლოგიური ძეგლი - დმანისის ნაქალაქარი. დმანისში, 1990-იანი წლებიდან აღმოჩენილი ადრეული ჰომინინების ნაშთები (მათ შორის, ხუთი თავის ქალა)  დაახლოებით 1.77–1.85 მილიონი წლით თარიღდება და  სახეობას Homo erectus-ს უკავშირდება.

ოროზმანის აღმოჩენა ამავე ქრონოლოგიურ ჩარჩოში ჯდება და ადასტურებს, რომ ადრეული ჰომინინები აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართოდ იყვნენ განსახლებული.

პირველი ევროპელების, ზეზვას და მზიას შემდეგ, ეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად ითვლება. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანი ევროპაში კავკასიის გავლით მოხვდა.

აღმოჩენილი მინარევების ანალიზი მკვლევრებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ უძველესი ადამიანის კვებითი ჩვევები და გარემო პირობები, რომელშიც ის ცხოვრობდა.

"2019 წელს დაზვერვები გადავწყვიტეთ, გვინდოდა გვეპოვა დმანისთან ახლოს რაიმე არქეოლოგიური ობიექტი. ბაზალტის ქვეშ ნალექი შევამჩნიეთ. შევჩერდით, დასკვნა გამოვიტანეთ, რომ აღმოვაჩინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. პროფილში ვიპოვეთ ხმალკბილა ვეფხვის ეშვი და ქვის იარაღი .ხმალკბილა ვეფხვი გვეუბნებოდა, რომ ფენა, სადაც ის არის, 1 500 000 წლის მეტისაა. წუთებში მივხვდით, რომ დიდი აღმოჩენა გავაკეთეთ", - აღნიშნავს საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.

Open photo

გიორგი ბიძინაშვილი სენსაციური აღმოჩენის ავტორი შემთხვევით გახდა. თავიდანვე გაირკვა, რომ ამ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ სპილოები, ჟირაფები, ეტრუსკული დათვი, ეტრუსკული მგელი, ირმები, ცხენები.

 Open photo

Open photo

პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, არქეოლოგებმა 1 800 000 წლის ადამიანის კბილი იპოვეს.

მილიონ რვაასი ათასი წლის წინანდელი ჰომოს კბილის ფესვი კარგად განვითარებულია. ასაკი 20 წელზე მეტისაა, სქესის დადგენა შეუძლებელია, თუმცა მისი სხვა ნაწილების პოვნა ისტორიის ახალ კარს გახსნის. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, კბილზე არსებული ნადების კვლევაა. თუ გაუმართლათ, ნადებზე, შესაძლოა, ის მიკრონაწილაკები იყოსშენახული, რომლებიც დაადგენს რითი იკვებებოდა და როგორი იყო გარემო რომელშიც ის ცხოვროვდა?სწორედ კბილის ნაჩხაპნებით დასტურდება, რომ იქ მცხოვრები ადამიანები კბილებს ხის ჩხირებით ისუფთავებდნენ და სავარაუდოდ ხორცსაც ჭამდნენ. 

ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ორ ფეხზე დგას, სიმაღლეში 1 მეტრი და 50 სანტიმეტრია, ტვინის ზომა თანამედროვე  ადამიანთან შედარებით ორჯერ მცირეა, ჯერ ვერ ლაპარაკობს და არც ცეცხლს დანთება შეუძლია, მაგრამ იცის პრიმიტიული იარაღის დამზადება და გამოყენება.

ის ადგილი, სადაც არქეოლოგები მუშაობენ და სადაც უკვე არა ერთი ცხოველის ძვალია ნაპოვნი, შესაძლოა უძველესი ტბის სანაპირო ყოფილიყო. ადამიანისთვის წყალთან სიახლოვე გადარჩენისთვის აუცილებელი იყო. ქვემო ოროზმანში კი, დიდ ამოფრქვევამდე ორი ტბის არსებობა დასტურდება.

როგორც ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, ოროზმანი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. ესაა საშუალება დიდი მეცნიერული კვლევის. მთლიანად ადამიანის ევოლუციის ისტორიისთვის მნიშვნელოვანია თუ რომელი ჯგუფი იყო ზუსტად თავისი მთლიანი აღწერილობით, რომელიც  ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ეს არ არის მხოლოდ ჰომინიდის აღმოჩენა, აქ ნაპოვნია ძალიან საინტერესო ქვის იარაღები, გადაშენებული ცხოველების ნაშთები. ამის მიხედვით შევისწავლით გარემოს და ქცევას. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ ქართული მეცნიერება იყოს მსოფლიო მეცნიერების ნაწილი.

 Open photo

ისტორია ფაქტებზე დაყრდნობით იწერება. არქეოლოგები ჯერ ეძებენ, მერე ამუშავებენ, მასალებს მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში აგზავნიან. კომპლექსური კვლევების მთვარი შემოქმედები ქართველი და უცხოეული სტუდენტები არიან.

ოროზმანის გათხრებმა შეცვალა წარმოდგენა საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ევრაზიელი ჰომინიდების გავრცელების შესახებ. უკვე, დმანისის გარდა, მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე გაჩნდა ახალი წერტილი ოროზმანის სახით, რაც გამოიწვევს სამეცნიერო ინტერესის გაცხოველებას ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართულებით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ძალიან მალე ოროზმანი და დმანისი, როგორც უძველესი ევრაზიელების დასახლების ადგილი, მეცნიერების სამაგიდო წიგნებში შევა.

დმანისიდან 20 კილომეტრში კიდევ ერთი დასახლების პოვნა ნიშნავს, რომ აქ ჰომინიდების დიდი ჯგუფები ცხოვრობდნენ და გადაადგილდებოდნენ, მათ კარგად ჰქონდათ სამხრეთ საქართველო ათვისებული.

Open photo

ფაუნისტური მონაცემები საშუალებას იძლევა განვიხილოთ სამი ძირითადი ასპექტი:

 ა) რესურსების ტიპი

მსხვილი ბალახისმჭამელების (ცხენები, ირმები, ბოვიდები) არსებობა მიუთითებს, რომ რეგიონში ხელმისაწვდომი იყო მაღალი კალორიულობის ცხოველური რესურსი. ჩნდება ჰიპოთეზა, რომ ადრეული ჰომინინები:

  • მონაწილეობდნენ ლეშის დამუშავებაში;

  • შესაძლოა იყენებდნენ "ოპორტუნისტულ ნადირობას";

  • იყენებდნენ ძვლის ტვინს, როგორც ენერგიის მდიდარ წყაროს.

დმანისის მასალებში დაფიქსირებული ჭრის კვალი ადასტურებს, რომ ხორცის დამუშავება რეგულარული ქცევა იყო. ოროზმანის მსგავსი ფაუნა ამ ქცევის ეკოლოგიურ საფუძველს ამყარებს.

ბ) კონკურენცია მტაცებლებთან

ადრეულ პლეისტოცენში სამხრეთ კავკასიაში თანაარსებობდნენ მსხვილი მტაცებლებიშესაბამისად, ადრეული ჰომინინების ქცევა სავარაუდოდ მოიცავდა:

  • სწრაფი ლეშის ათვისებას;

  • ჯგუფურ მოქმედებას;

  • რესურსების სივრცობრივ გადაადგილებას.

გ) ეკოლოგიური ადაპტაცია

ღია ლანდშაფტში ცხოვრება მოითხოვდა მობილურობას. მსხვილი ბალახისმჭამელების სეზონური გადაადგილება, სავარაუდოდ, გავლენას ახდენდა ჰომინინთა გადაადგილების მოდელზე.

2. კლიმატური პირობები

სახეობრივი შემადგენლობა მიუთითებს ზომიერ, შედარებით მშრალ და ღია ლანდშაფტზე. პალეოეკოლოგიური რეკონსტრუქცია აჩვენებს:

  • ღია ბალახოვანი სივრცეების დომინირებას;

  • ტყისპირა ზონების არსებობას;

  • წყლის რესურსებთან სიახლოვეს (მდინარე/ტბა).

კლიმატური სტაბილურობა მნიშვნელოვანი იყო ადრეული ადამიანის ევრაზიაში ადაპტაციისთვის, რადგან იგი მიუთითებს, რომ აფრიკის გარეთ გარემო მათთვის ეკოლოგიურად თავსებადი იყო.

3. მიგრაციული კორიდორი

სამხრეთ კავკასია ადრეული პერიოდიდან წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ დერეფანს აფრიკიდან ევრაზიაში გავრცელების პროცესში.

დმანისის გათხრებით ეს ტერიტორია უკვე დადასტურებულია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ადგილი აფრიკის გარეთ, სადაც აღმოჩენილია ადრეული ჰომინინები.

ოროზმანის ფაუნა ამყარებს შემდეგ გარემოებებს:

  • რეგიონი ეკოლოგიურად მდიდარი იყო და ხელს უწყობდა ხანგრძლივ დასახლებას;

  • სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა ბუნებრივ გადასასვლელს ახლო აღმოსავლეთსა და ევრაზიის შიდა ტერიტორიებს შორის;

ეს ნიშნავს, რომ ადრეული ჰომინინები არ იყვნენ შემთხვევითი "გამვლელები", არამედ შესაძლოა ფორმირებდნენ სტაბილურ პოპულაციებს. ცხოველთა ნაშთები ადრეული ადამიანის კვლევაში არა მეორეხარისხოვანი, არამედ ცენტრალური მნიშვნელობის წყაროა.

ოროზმანში გათხრები რამდენიმე თვეში გაგრძელდება.

რატომ წამოვიდა პირველი ადამიანი აფრიკიდან საქართველოში? ჩვენი არსებობის პირველი კვალი დმანისისა და ოროზმანის მიწაშია. როგორი იყო მათი ყოველდღიურობა, როგორ ამზადებდნენ იარაღს? როგორ მოიპოვებდნენ საკვებს? საქართელო სამეცნიერო მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ ოქროს ასოებით მოინიშნება და გასცემს მთავარ შეკითხვას პასუხს - როგორ გადავრჩით? 

 

დღის ამბები