საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კონსტიტუციის მნიშვნელობასა და ისტორიაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს ისტორიული თარიღია და ის მთავარი პრინციპები, მიზნები და ღირებულებები, რომლებიც პირველ კონსტიტუციაში იყო ჩადებული, დღემდე აქტუალურია. აქცენტი კეთდება საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომელთა მიზანიც სწორედ ქვეყნის კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაა.
"გარკვეული ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრიმატი აღიარებული ყოფილიყო ჩვენშიც, გარკვეული ძალების მხრიდან, თუმცა გარკვეული ძალების ამას მაინც არ აღიქვამენ ასე, მათ შორის, საერთაშორისო დონეზეც დაგვეფიქსირებინა, რომ საქართველო, ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა, დიდი კონსტიტუციური მემკვიდრეობით, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან მომდინარეობს და ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გარკვეული პოლიტიკური, იდეოლოგიური მიზნებიდან გამომდინარე საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური ინსტიტუტები იქნას მორღვეული ან მიჩქმალული. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა ხდება, მიზნად ისახავს ამას, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური ინსტიტუტები იყოს დაცული უხეში ზეწოლისაგან, დამანგრეველი ზემოქმედების ქვეშ არ მოხვდეს," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.