სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკითხს ეჭვის თვალით უყურებენ და პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ჩნდება ეჭვი, რომ ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით იქნება გამოყენებული.
"რეფორმა, ჩვენს ქვეყანაში, "ოცნებას" ესმის ისე, რომ რეფორმის შედეგად ის აძლიერებს საკუთარ ძალაუფლებას, პოლიტიკურ ბერკეტებს და ამ ყველაფერს შემდეგ იყენებს საკუთარი სარგებლისთვის. შესაბამისად, აქაც იბადება ეჭვი, რომ ამ სფეროშიც და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება პოლიტიკური ნიშნით ეს ცვლილებები", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
ცნობისთვის, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი იწყება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი. თუმცა, არსებული ინფორმაცია სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.